მესიჯი „ბაიერნის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორისგან ახალი წლისთვის
ძვირფასო „ბაიერნის“ გულშემატკივრებო, 2025 წელი განსაკუთრებული წელი იქნება „ბაიერნისთვის“: 27 თებერვალს ჩვენი კლუბის 125 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს უნიკალური წარმატების ისტორია სიმბოლიზირებს იმ ღრმა კავშირს, რომელიც ფანებს „ბაიერნთან“ აქვთ; იგი გამოხატავს იდენტობას, სოლიდარობას, ტრადიციას - და ასევე ნიშნავს მემკვიდრეობასა და პასუხისმგებლობას. პიროვნებები, როგორებიც არიან ფრანც ბეკენბაუერი, ული ჰიონესი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და კურტ ლანდაუერი, ამ გზას გვიკვლევდნენ. როდესაც ასეთ წარსულს ვიხსენებთ, ამავე დროს მომავალზეც ვიფიქროთ - ჩვენი მიზანი რჩება, დავაყენოთ სტანდარტები, როგორც სპორტში, ასევე მოედნის მიღმა. 2025 წლის 27 თებერვალი „ბაიერნისთვის“ მხოლოდ თარიღზე მეტი იქნება - ეს დღე განასახიერებს ემოციებს, რომლებიც ისტორიას ცოცხალს ხდის. ჩვენი კლუბის დამფუძნებლები ვიზიონერები იყვნენ, მათ სირთულეების გადალახვა შეძლეს და დიდი ვნება ჰქონდათ ფეხბურთის მიმართ - კაფე „გიზელას“ სული, სადაც „ბაიერნი“ ერთხელ დაარსდა, დღემდე გვატარებს. 125 წელი, სავსე ვნებით, წარმატებებით, ისტორიული მოვლენებითა და დაუვიწყარი მომენტებით, შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე - თქვენ ხართ „ბაიერნის“ საფუძველი. ეს მუდმივად გვახსოვს: თქვენ ხართ „ბაიერნის“ გული. თქვენი ხმა სტადიონზე, თქვენი უპირობო მხარდაჭერა ყველგან და თქვენი სიყვარული კლუბის მიმართ „ბაიერნს“ აქცევს იმად, რაც დღეს არის - გლობალური ოჯახი, რომელიც განასახიერებს ერთიანობას, ძალას და გამარჯვების სულისკვეთებას, ახლა უკვე 382,000-ზე მეტი წევრით. ეს იუბილე არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ როგორც მომენტი გასახსენებლად, არამედ როგორც შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ჩვენი ღირებულებების მხარდაჭერა: სამართლიანობა, პატივისცემა, ვნება, გახსნილობა და ტოლერანტობა - განსაკუთრებით ამ დროში. ეს არის ისტორია, რომელთანაც ვგრძნობთ თავს იდენტიფიცირებულად, მოედანზეც და მის მიღმაც. მადლობა თქვენ, ფანებო, ვინც ყოველთვის „ბაიერნის“ გვერდით ხართ. „მია სან მია“. „ბაიერნი“ ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კლუბი - ეს არის დაპირება. და თითოეული ფანი, თითოეული თქვენგანი, არის ამ უნიკალური ისტორიის ნაწილი. ასე იქნება 2025 წელსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მშვიდ 2025 წელს თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს - ასევე „ბაიერნისთვის“ წარმატებულ ახალ წელს, თქვენთან ერთად! ჰერბერტ ჰაინერი, „ბაიერნის“ პრეზიდენტი იან-კრისტიან დრეზენი, „ბაიერნის“ აღმასრულებელი დირექტორი