Bild-მა დაადასტურა, რომ ბაიერნმა ახლახანს თავისი ინტერესი გამოიჩინა ლაიფციგის 22 წლის ცენტრალური მცველის, კასტელო ლუკებას თაობაზე, რომლის წაყვანასაც ტოტენჰემი და ლივერპულიც ცდილობენ.
მიუნხენური კლუბისთვის კონკურენციასთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, კერძოდ კი სატრანსფერო ღირებულება. ლაიფციგი ლუკებას 90 მილიონ ევროს აფასებს და ამდენის გადამხდელი ბაიერნი ამჟამინდელი პოლიტიკით ნამდვილად არ არის.
მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელი მოლაპარაკებებისთვის ღიაა და ახალ გამოწვევებს ეძებს, მით უფრო იმიტომ, რომ გასულ სეზონში ლაიფციგმა თავი საშინლად წარმოაჩინა და მაგალითისთვის, ბუნდესლიგაში ჩემპიონ ბაიერნს მთელი 31 ქულით ჩამორჩა.
კლუბისგან განსხვავებით, მაინც კარგი სეზონი გამოუვიდა თავად ლუკებას, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატის 23 შეხვედრაში საშუალოდ 7.0 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
სხვათა შორის, ლუკებამ ახლანდელ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა და 4 შეხვედრაში 2 საგოლე პასი მიითვალა, საიდანაც ერთ-ერთი საქართველოს ასაკობრივ გუნდთან შეასრულა.