მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ მანჩესტერ სიტისა და მადრიდის რეალის დაპირისპირებაზე ისაუბრა. მწვრთნელმა გაამხილა, რომ მან პარალელური ტრანსლაციით სხვა შეხვედრებიც ნახა, სადაც ბევრი გოლი გავიდა, თუმცა თავად ჯერ მომავალ მეტოქეზე არ ფიქრობს.
კომპანიმ ხაზგასმით თქვა, რომ მეოთხედფინალზე ფიქრი ნაადრევია, რადგან მისი მთავარი მიზანი ატალანტასთან საშინაო თამაშის ღირსეულად მოგებაა: “მე ჯერ მომდევნო რაუნდზე არ ვფიქრობ, ეს ნამდვილად არ იქნება ადვილი, მნიშვნელობა არ აქვს რეალის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში თუ მანჩესტერ სიტის” — განაცხადა ბელგიელმა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი დონის დაპირისპირებები ბაიერნის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება, თუმცა მანამდე გუნდმა ატალანტას ბარიერი უნდა გადალახოს.