გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ლეროი სანეს შესახებ საკმაოდ პირდაპირი და კრიტიკული განცხადება გააკეთა. კითხვაზე, თუ რატომ აძლევს სანეს კვლავ შანსებს, მწვრთნელმა მიანიშნა, რომ ფეხბურთელმა სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს.
მწვრთნელის თქმით, სანე გუნდისთვის საჭირო პროფილის მოთამაშეა, თუმცა მისი ბოლო გამოსვლები იდეალურისგან შორს იყო.
"არგუმენტი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება 1-ზე-1 მოთამაშეები. სანემ იცის, რა მოეთხოვება და მან ეს უნდა აჩვენოს. ბოლო მატჩი შვეიცარიასთან საშუალო იყო — არც ძალიან კარგი და არც ძალიან ცუდი. საბოლოოდ, ჩვენ გადავწყვეტთ, რა არის საუკეთესო გუნდისთვის" - განაცხადა ნაგელსმანმა.
ნაგელსმანმა აღნიშნა, რომ სანეს პოზიციაზე ალტერნატივები უკვე ჩნდებიან. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა კარლის კარგ თამაშს და ახსენა ტრავმირებული ჯეიმი ლეველინგიც. მწვრთნელმა დაადასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას შემადგენლობის შესახებ ორ თვეში მიიღებს, რაც სანესთვის ერთგვარი ულტიმატუმია.