ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა, სადაც მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ზალცბურგს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ანგარიში 21-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ჩიკვუბუიკე ადამუმ გახსნა, რასაც ბაიერნმა მხოლოდ 90-ე წუთზე, კინგსლი კომანის გოლით უპასუხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნული შეხვედრა მიუნხენელთა შუახაზელმა, იოზუა კიმიხმა შეაფასა:
'პირველ ტაიმში საკმარისი არ გავაკეთეთ, არ ვიყავით ორგანიზებულები და ზალცბურგსაც სახიფათო კონტრშეტევები ჰქონდა. ვიცოდით, რომ მათ ბევრი სწრაფი მოთამაშე ჰყავდათ და ისინი კონტრშეტევებისას ძალიან სახიფათონი არიან. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ბურთსაც და მოედნის ნახევარსაც ჩვენ ვაკონტროლებდით.
ცხადია, მოგება გვსურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ფრედ დასრულდა - შეიძლებოდა სულაც 2:0 წაგვეგო, ასე რომ არა უშავს. მომდევნო მატჩში, მეტოქეს უკეთ უნდა ვებრძოლოთ და მეტი კონტროლი მოვახდინოთ მათზე, ასევე ჩვენს მიერ შექმნილი მომენტებიც უკეთ უნდა გამოვიყენოთ', - განაცხადა კიმიხმა.