მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით 2021 წლიდან ფეხბურთში ახალი წესი ამოქმედდება. ეს გახლავთ ტვინის შერყევის ცვლილება.
წესის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მთავარ მწვრთნელს ყველა ცვლილება გამოყენებული აქვს, თავის ტრავმის შემთხვევაში მას ცვლილების განხორციელება კვლავ შეუძლია.
მოგეხსენებათ, ამჟამად ჩემპიონატების უმეტესობაში 5 ფეხბურთელის ცვლილების ლიმიტი არსებობს და გარდა ამისა, მწვრთნელს სამჯერ შეუძლია თამაშის მიმდინარეობისას ცვლილების გაკეთება. შესაბამისად, თუ მას ორივე სახის ლიმიტი ამოწურული აქვს და მინდორზე მყოფმა მოთამაშემ თავის დაზიანება, ტვინის შერყევა მიიღო, მაშინ ნებართვა ეძლევა ის შეცვალოს.
FIFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, ეს წესი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს გაიტესტება, რომელშიც მონაწილეობას მიუნხენის "ბაიერნიც" იღებს. მისი წარმატების შემთხვევაში კი ყველა ტურნირზე ეტაპობრივად დაინერგება.
გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" გლადბახის "ბორუსიას" ესტუმრება. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს აღნიშნული დაპირისპირებიდან.
გუნდები აქამდე ბუნდესლიგის ეგიდით 104-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საიდანაც 50 გამარჯვება "რეკორდმაისტერს" დარჩა, 25 კი ბორუსიელებს. ბურთების სხვაობაც მიუნხენელთა სასარგებლოდაა, 198 131-ის წინააღმდეგ.
ბოლო 3 სეზონის განმავლობაში "გლადბახმა" ყველა პირველი წრის მატჩში დაამარცხა მიუნხენური გრანდი. მეორე წრის შეხვედრები კი სულ "ბაიერნის" სასარგებლოდ სრულდება.
რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ სამი მატჩია რაც დუბლს ასრულებს. თუ ის ამ შედეგს დღესაც გაიმეორებს, ლოთარ ემერიხის (1967 წელი) და ტომისლავ მარიჩის (2001 წელი) რეკორდს გაუთანაბრდება.
ბორუსიელებმა პირველი 14 ტურიდან 12 მატჩში შეძლეს პირველი გოლის გატანა, თავის მხრივ "ბაიერნი" ბოლო ზედიზედ 8 მატჩია რაც პირველი უშვებს გოლს.
მიუნხენელები სტანდარტულ სიტუაციებსაც უნდა უფრთხოდნენ. "გლადბახმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 11 გოლი სწორედ მსგავსი მომენტების შედეგად გაიტანა.
"ბაიერნს" მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 44 გოლი აქვთ გატანილი. ამაზე უკეთესი შედეგი ისტორიაში კვლავ მხოლოდ "ბაიერნს" აქვს, 1967/68 წლების სეზონში.
მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო გეგმები 2021 წლისთვის ცნობილია.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეკორდმაისტერი" ხმაურიან ტრანსფერებს არ განახორციელებს. ეს ინფორმაცია ირიბად ჰანს ფლიკმაც დაადასტურა.
სამაგიეროდ, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს აქტიურობას და მინიმუმ 2 ვარსკვლავის მოყვანას გუნდში.
წყაროს ცნობით, "ბაიერნის" მიზანი ახალი ცენტრალური ნახევარმცველისა და ახალი ცენტრალური მცველის შეძენა იქნება.
მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ დავიდ ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს. მიუნხენელებს კი სწორედ მისი შემცვლელი ესაჭიროებათ, თუმცა, კონკრეტული სახელი ჯერ-ჯერობით არ გაჟღერებულა.
რაც შეეხება ცენტრალურ ნახევარდაცვას, აქ ვარიანტი ორია. თუ ევროპულ გამოცემებს ვენდობით, "ბაიერნი" ფრენკ დე იონგსა და ედუარდო კამავინგას შორის გააკეთებს არჩევანს.
გუნდს 8 იანვრის დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება ტანგე ნიანზოუ. ასევე საეჭვოა სერჟ გნაბრის თამაშიც, რომელსაც წინა მატჩში ტრავმის მიღების შემდეგ ვარჯიში არ განუახლებია.
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ფრენკ დე იონგი გამოჩნდა.
გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, "რეკორდმაისტერი" დიდი ხანია რაც ნიდერლანდელის პროგრესს აკვირდება და მის შეძენაზე ფიქრობს.
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 2020 წელს მიუნხენელები დე იონგის აგენტს შეხვდნენ და მისი სავარაუდო მომავალი განიხილეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად რეალურია ტრანსფერი. მოგეხსენებათ, "ბაიერნი" ტიაგოსა და ხავი მარტინესის ჩამნაცვლებელს ეძებს და როგორც ჩანს, ედუარდო კამავინგასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სწორედ ფრენკ დე იონგი იქნება.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ზამთრის ტრანსფერების შესახებ კომენტარი გააკეთა.
"სიტუაცია კორონას გამო ძალიან რთულად არის. ახლა ის შემადგენლობა გვყავს, რომელიც სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე გვეყოლება და მე კმაყოფილი ვარ ამ გუნდით."
"აქამდეც განმიმარტავს, ახალ გუნდში გადასვლა მარტივი არ არის. უნდა მოერგო მის ფილოსოფიას და ვფიქრობ, ჩვენი ახალწვეულები ამ ყველაფერს ახერხებენ."
"ვფიქრობ, ზამთარში ტრანსფერები არ გვექნება. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი ახლანდელი შემადგნელობით კმაყოფილი ვარ და ჩვენს მიზნებს არაფერი ემუქრება." - აცხადებს ფლიკი.
მიუნხენის "ბაიერნმა" ამომავალი ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" 17 წლის ნახევარმცველს სულ მალე ახალ კონტრაქტს გაუფორმებს გაუმჯობესებული პირობებით.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც მუსიალას 18 წელი შეუსრულდება (26 თებერვალს), ის ახალ, ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 6 მილიონი ევრო იქნება.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნში" ბენჟამინ პავარის ამჟამინდელი ფორმით უკმაყოფილოები არიან.
წყაროს ცნობით, კლუბში მიიჩნევენ, რომ ფრანგმა მიმდინარე სეზონში დიდი რეგრესი განიცადა როგორც შეტევით, ასევე დაცვით ასპექტებში.
გარდა ამისა, ჰანს ფლიკს 24 წლის მცველის შემცვლელი არ ჰყავს და უმეტესად უწევს, რომ მის პოზიციაზე ნიკლას ზულე ან იოზუა კიმიხი ათამაშოს.
როგორც ცნობილია, ფლიკმა ხელმძღვანელობას უკვე მოსთხოვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელის მოყვანა, თუმცა, კანდიდატების რაოდენობა საკმაოდ მწირია.
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ რობერტ ლევანდოვსკის გამო. ის გასულ წელს გუნდს 5 თასის მოგებაში დაეხმარა და სრულიად დაიმსახურა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ლისაბონის ფინალის შემდეგ ის ემოციებით სავსე იყო და ტიროდა."
"რაც შეეხება რონალდუს. მან ასევე დაიმსახურა საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, რადგან ის ბოლო 10 წლის განმავლობაში საოცრად გამოიყურება და ახლაც "იუვენტუსის" ლიდერია." - აცხადებს რუმენიგე.
2021 წელს არაერთ ტოპ ფეხბურთელს ეწურება კონტრაქტი საკუთარ კლუბებთან. ბევრი მათგანი, დიდი ალბათობით, ახალი გუნდის მოძებნაზე უკვე ფიქრობს. სტატიაში გთავაზობთ იმ მოთამაშეების სიას, რომელთა დამატებითაც "ბაიერნი" შეუჩერებელი გახდება.
პირველ რიგში, ალბათ ასეთი სერხიო რამოსია. ესპანელი მცველი უკვე ასაკშია, თუმცა, კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესოს წოდებას და სავარაუდოდ, მომდევნო 2-3 წელი ასეც გაგრძელდება. ევროპელ ჟურნალისტებს თუ ვენდობით, რამოსი "რეალთან" ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება და არ არის გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოს დატოვოს კლუბი. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა მის გადაბირებაზე იზრუნებს.
კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის მომავალიც ბურუსით არის მოცული, ლეო მესი გახლავთ. არგენტინელის თქმით, ის სეზონის ბოლოს გადაწყვეტს სად გააგრძელებს კარიერას. მისი ხელფასის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბაიერნი" მესის დამატებას შეეცადოს, თუმცა, რა თქმა უნდა ნებისმიერი გულშემატკივარი დიდი სიხარულით შეხვდება მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის საკუთარ კლუბში ხილვას.
მესამე ფეხბურთელი, რომელსაც წელს კონტრაქტი ეწურება ჯანლუიჯი დონარუმაა. იტალიელი კიპერი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. ამ მომენტისთვის უცნობია, რა გეგმები აქვს ჯიჯის. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს რა პრობლემები შეუქმნა გუნდს გასულ წლებში მანუელ ნოიერის ტრავმებმა, შესაბამისად, დონარუმას დონის მეკარის თადარიგში ყოლა ნამდვილად დიდი გაძლიერება იქნებოდა.
შემდეგი თავისუფალი აგენტი, რომელმაც შესაძლოა, "ბაიერნში" გაამართლოს, მესუთ იოზილია. ვეტერანი ნახევარმცველი ბევრს უკვე ჩამოწერილი ჰგონია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ჰანს ფლიკის სათამაშო ტაქტიკას და მესუთის პოზიციას (გამოკვეთილი 10-იანი), არ არის გამორიცხული მას მიუნხენში მეორე სუნთქვა გაეხსნას. ყველამ კარგად ვიცით, რომ კარგ ფორმაში მყოფ იოზილს დიდი შესაძლებლობები აქვს და თუ შესაბამისი შეთანხმება შედგება, რატომაც არა, დაე მიეცეს შანსი.
და ბოლოს, იულიან დრაქსლერი. 27 წლის ნახევარმცველი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მისი საუკეთესო წლები პარიზში სათადარიგოთა სკამზე იკარგება. დრაქსლერს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი რომ ითამაშოს უმაღლეს დონეზე, მაგრამ, მას სჭირდება მწვრთნელი, რომელიც თავდაჯერებას დაუბრუნებს. ჰანს ფლიკი კი სწორედ ასეთი გახლავთ. თავისუფალი ბაზრიდან მსგავსი დონის ნახევარმცველის დამატება ნამდვილად ნებისმიერ გუნდს წაადგებოდა.
აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყველა ზემოხსენებული ვარიანტი უბრალოდ ჩვენი მოსაზრებაა გუნდის გასაძლიერებლად და არა სავარაუდო ტრანსფერი. ამ მომენტისთვის, პრესაში არცერთი მათგანის ტრანსფერზე არაფერი იწერება.
მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავმა, კინგსლი კომანმა BILD-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
"მანჩესტერული კლუბების ინტერესი? ძალიან კარგია, როდესაც იცი, რომ ასეთ დიდ გუნდებს უნდათ შენი შეძენა. ეს თავდაჯერებულობას მმატებს. მაგრამ, "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლამდე მაკავშირებს და მხოლოდ ამ კლუბზე ვფიქრობ."
"ლეროი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ეტყობა რომ აქვს "ბაიერნის" დნმ. 2 პოზიციაზე სათამაშოდ 4 ფეხბურთელი ვიბრძვით, გუნდში კარგი კონკურენციაა."
"ამჟამად კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ, არავინ იცის რა მოხდება 2-3 თვეში. შეიძლება, სანემ და დუგლას კოშტამ უკეთესი თამაში აჩვენონ. სწორედ ამიტომ, მუდამ უნდა ვპროგრესირდე."
"გასულ წელს ლიგის მოგება ფანებთან ერთად ვერ აღვნიშნეთ, ამიტომ, წელს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ იგივე, რათა გულშემატკივრებმა ჩვენთან ერთად გაიზიარონ სიხარული. ასევე მსურს ევროპის ჩემპიონატის მოგება საფრანგეთთან ერთად. ბოდიში, გერმანელებო." - აცხადებს კომანი.