ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოავლინა.
გამოკითხვაში, რომელშიც წამყვანი ევროპული გამოცემების რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას, პირველი ადგილი დორტმუნდის "ბორუსიას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ერლინ ჰოლანდმა დაიკავა.
მიუნხენის "ბაიერნის" ვუნდერკინდი, ალფონსო დეივისი ნომინაციაში მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და ზემოხსენებული ჰოლანდის გარდა ასევე ანსუ ფატის ჩამორჩა.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შესაბამისად ჯეიდონ სანჩო და ედუარდო კამავინგა გავიდნენ.
მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავმა, ჟერომ ბოატენგმა თავის მომავალზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ სიახლეების გამოცდა მსურდა. ახალი გამოწვევების მიღება და გადალახვა მიყვარს. მომავალში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. თუმცა, ახლა მხოლოდ მოპოვებული 5 ტიტულის დაცვაზე ვფიქრობ."
"ბოლო თვეების განმავლობაში თავს ძალიან კარგ ფორმაში ვგრძნობ. მჯერა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შემიძლია." - აცხადებს ბოატენგი.
ევროპულმა გამოცემებმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდის დეტალები გამოაქვეყნეს.
იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონობას მოახერხებს, მაშინ გუნდი დაახლოებით 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. მეორეადგილოსანი 5 მილიონს, მესამე და მეოთხეადგილოსნები კი შესაბამისად 4 და 3 მილიონ აშშ დოლარს.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ტურნირს 1/2 ფინალიდან იწყებს, რაც ნიშნავს, რომ კლუბს გარანტირებული აქვს 3 მილიონი ევროს მიღება.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს გადაწყვეტილებით ტურნირი 2021 წლის თებერვალში ჩატარდება.
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"მე მთლიანად ფოკუსირებული ვარ გასულ სეზონში მოგებული 5 ტიტულის შენარჩუნებაზე. როდესაც დრო მოვა, სიამაყით გავიხსენებ ამ პერიოდსა და მიღწევებს."
"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ მაღალ ფორმას. ამაში ყველაზე დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ჰანს ფლიკსა და ჩემს თანაგუნდელებს მიუძღვით, რომლებიც გვერდში მიდგანან."
"პრესაში წავიკითხე რომ თითქოს კონტრაქტს არ ვახანგრძლივებ და წასვლა გადაწყვეტილი მაქვს და ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან მტკნარი სიცრუეა. თუმცა, ახლა ამ თემაზე ნაკლებად ვფიქრობ."
"დავიდზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. ის დიდებული ადამიანი და პიროვნებაა და როგორც პრესაში ახასიათებენ, თითქოს ის ფულზე დახარბებულია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს."
"ფლიკთან პირველი შეხვედრის დროს მან მითხრა: "ჟერომ, ვიცი რისი გაკეთება შეგიძლია. მთავარია ფორმაში ჩადგე." დეკემბერში მან მითხრა, რომ ჩემი გადასაწყვეტი იყო წასვლა-დარჩენის საკითხი, მაგრამ, მას ჩემი შენარჩუნება გაახარებდა."
"ჰანს ფლიკმა ჩემში დაინახა, რომ ჯერ კიდევ შემეძლო მაღალ დონეზე თამაში და ამან თავდაჯერება შემმატა. სულ ეს იყო რაც მჭირდებოდა."
"გერმანიის ნაკრებზე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია და ნაკრების პოზიციაც ნათელია. მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ დაბრუნებას, თუმცა, მთავარია შესაბამის ფორმაში ვიყო." - აცხადებს ბოატენგი.
დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლანჩხუთის "გურია" რუმინულ "კლუჟს" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოგონებმა ამ წარმატებით ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
დასკვნითი ეტაპი პლეი-ოფისგან შედგება და მასში ევროპის 32 საუკეთესო გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის არიან ისეთი გრანდებიც, როგორებიც არიან მიუნხენის "ბაიერნის", კატალონიის "ბარსელონას" და სხვა ქალთა გუნდები.
შესაბამისად, არის შესაძლებლობა იმისა, რომ "გურია" სწორედ ამ გრანდებიდან ერთ-ერთს შეხვდეს და საქართველოში რომელიმე მათგანი ვიხილოთ.
ჩვენი გვერდის სახელით ვულოცავთ ლანჩხუთურ კლუბს ამ დიდ წარმატებას.
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავს, დავიდ ალაბას ითხოვს.
გერმანული გამოცემა Kicker-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" დამრიგებელს ახალი ცენტრალური მცველი ესაჭიროება გუნდში და მთავარ კანდიდატად სწორედ ავსტრიელ მოთამაშეს განიხილავს.
მოგეხსენებათ, ალაბას "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან სიტუაცია არეული აქვს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ახლა ჯერი ხელფასის ოდენობაზეა.
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველს, ჟერომ ბოატენგს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და დიდი ალბათობით, მისი გახანგრძლივება არ მოხდება.
გამოცდილი ფეხბურთელის დასამატებლად არაერთი ევროპული გრანდი იბრძვის, მათ სიას კი იტალიური "მილანიც" შეუერთდა.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "როსონერიში" დარწმუნებულები არიან, რომ ბოატენგი დაცვის ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და გუნდს ჩემპიონობაში დაეხმარება. მის დასამატებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგის გადაბირება ასევე ბრიტანულ გუნდებს, "არსენალსა" და "ჩელსისაც" სურთ.
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა ვეტერანი ფეხბურთელების გამოძახების თემაზე კომენტარი გააკეთა.
"სამივე ეს ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს ძალიან გამოდგებოდა. ეს მათ წარსულშიც დაამტკიცეს. თანაც, არც ჟერომს, არც მატსს და არც თომასს სანაკრებო კარიერა ჯერ არ დაუსრულებიათ."
"რა თქმა უნდა, ეს გარკვეული სახის პრობლემაა. ვნახოთ, როგორ მოგვარდება ის. თუმცა, ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა." - აცხადებს მანუ.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ სულ მალე იოახიმ ლიოვი გუნდს დატოვებს.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ბუნდესნაკრებში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შედეგების მიუხედავად 60 წლის სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუნდს დატოვებს.
წყაროს ცნობით, ფედერაციაში მის შემცვლელად ორ ვარიანტს განიხილავენ. ესენი არიან ჰანს ფლიკი და იურგენ კლოპი.
მოგეხსენებათ, ფლიკი წლების მანძილზე მუშაობდა ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად. ახლა კი ფედერაცია მოლაპარაკებებს იწყებს, რათა ის მთავარ მწვრთნელად მიიწვიონ.
იურგენ კლოპი კი უფრო მეტად სათადარიგო ვარიანტია. გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მანამდე კლუბი დატოვოს.