მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დააფასა.
მერსისაიდული "ლივერპულის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექს არნოლდმა პოლონელი თავდამსხმელი შეაქო და საუკეთესოდ მიიჩნია.
"ეს უსამართლობაა, მან დაიმსახურა ინდივიდუალური ჯილდო. თუმცა, თავად კარგად იცის რა გააკეთა წელს მან და რა ტიტულები მოიგო. გასაოცარი ციფრები დააფიქსირა."
"ვფიქრობ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ის სუარესთან ერთად ყველაზე ახლოს დგას რონალდუსა და მესისთან." - აცხადებს ტრენტი.
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა თავის ყოფილ კლუბს სატრანსფერო რჩევა მისცა.
"ჰავერცის ყიდვა არ გამოგვივიდა, თუმცა, ბაზარზე კიდევ ერთი მისი სტილის ფეხბურთელია დანიელ შობოშლაის სახით. დარწმუნებული ვარ, ევროპის ტოპ კლუბებს ის უკვე დავთარში ჰყავთ."
"უნგრეთში შობოშლაის ფერენც პუშკაშს ადარებენ. მას შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზეც ბრწყინვალედ მოქმედება. "ბაიერნმა" მისი შეძენა უნდა იჩქაროს." - აცხადებს მათეუსი.
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა თავის განვლილ კარიერაზე ისაუბრა.
"ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება. ლიგის მოგების მიუხედავად შეიძლება ჩაგივარდეს რამდენიმე შეხვედრა და იფიქრო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება."
"სირთულეები მქონდა "ბაიერნის" პირველ გუნდში დებიუტის დღეებში. იმ სეზონის სტარტზე მე მეორე დივიზიონში ვთამაშობდი, სეზონის ბოლოს კი ეროვნულ გუნდში დამიძახეს."
"ამ პერიოდის მანძილზე არაერთხელ ყოფილა შემთხვევა როდესაც საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "ეს საკმარისია? ვარ "ბაიერნის" ფორმის ტარების ღირსი? მთავარია, ასეთ დროს ზრდა არ შეწყვიტო და შენს თავს აჯობო." - აცხადებს კიმიხი.
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა და მადრიდის "რეალის" ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ხსენებული გუნდები შეადარა ერთმანეთს.
"მადრიდის "რეალი" რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საუკეთესო, თუმცა, რთულია ეს სტატუსი სამუდამოდ შეინარჩუნო."
"ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მიუნხენის "ბაიერნია". ის "სამეფო გუნდსაც" სჯობს. "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ვფიქრობ, ამ ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოში საუკეთესოა."
"მოკლედ, საბოლოო ჯამში უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად "ბაიერნი" საუკეთესოა." - აცხადებს კროოსი.
როგორც ჩანს, ჟერომ ბოატენგი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" ვეტერანი მცველის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მას სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვებს.
მოგეხსენებათ, ბოატენგს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება და შესაბამისად, ის თავისუფალი აგენტი გახდება.
დიდი ალბათობით, ვეტერანი ფეხბურთელი "ტოტენჰემსა" და "არსენალს" შორის გააკეთებს არჩევანს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერი, კინგსლი კომანი ტრავმირებულია.
ფრანგული გამოცემა RMC-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშის მიმდინარეობის დროს კოჭი დაიზიანა და სწორედ ამ მიზეზით ფინეთთან გამართული შეხვედრა გამოტოვა.
ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენად სერიოზულია კომანის ტრავმა და მოასწრებს თუ არა ის დაბრუნებას სანაკრებო პაუზის დასრულებამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი France Football 2020 წელს ოქროს ბურთს არავის გადასცემს, სხვადასხვა გამოცემებმა საუკეთესო ფეხბურთელები მაინც დაასახელეს და უმეტეს მათგანში ეს ტიტული რობერტ ლევანდოვსკის დარჩა.
UEFA-ს შემდეგ ახლა უკვე ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL-მა დაასახელა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელები და რა თქმა უნდა, პრიზი პოლონელს შეხვდა.
გამოცემამ მსოფლიოს 38 ცნობილი ჟურნალი გამოკითხა და ლევანდოვსკიმ დიდი უპირატესობით აჯობა მეორეადგილოსან კევინ დე ბრუინს. ეს კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ როგორ მოპარა France Football-მა "ბაიერნის" ლიდერს ოქროს ბურთი.
გამოკითხვაში მესამე ადგილზე "ბარსელონას" ლიდერი, ლეო მესი გავიდა, მეოთხე და მეხუთე ადგილები კი შესაბამისად ნეიმარსა და კრისტიანო რონალდუს ერგოთ. 11 საუკეთესოს შორის "ბაიერნიდან" ასევე თომას მიულერი და იოზუა კიმიხიც მოხვდნენ.
ცნობილმა ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანიამ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
თავდაპირველი მონაცემები ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც "ბაიერნის" შანსები 20%-ით ფასდებოდა, ახლა კი ეს მონაცემი 24%-მდე არის გაზრდილი. მეორე ადგილს კვლავ "სიტის" შანსები იკავებს, 17%-ით, მესამე ყველაზე მაღალი პროცენტი კი "ბარსელონას" აქვს - 11.
საგრძნობლად დაიკლო მადრიდის "რეალის" შანსებმა, რომელიც თითქმის განახევრდა და 7%-იდან 4%-მდე დაეცა. ასევე შემცირდა "ლივერპულის" შანსიც, ნაცვლად 11%-ისა ახლა ის 8%-ს შეადგენს.
ხუთეულში "ბაიერნის", "სიტის", "ბარსელონასა" და "ლივერპულის" გარდა ასევე "დორტმუნდიც" მოხვდა, 6%-ით.