მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მილანის "ინტერის" ვარსკვლავი, კრისტიან ერიკსენი გამოჩნდა.
იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენელები აქტიურად აკვირდებიან 28 წლის ნახევარმცველის სიტუაციას და მის დამატებას განიხილავენ.
მოგეხსენებათ, დანიელი ფეხბურთელი "ნერაძურის" რიგებს 2020 წელს შეუერთდა, თუმცა, მან კონტეს ტაქტიკაში ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბი მის გასხვისებაზე სერიოზულად ფიქრობს.
წყაროს ცნობით, "ბაიერნი" ერიკსენის იჯარით დამატებას აპირებს, გამოსყიდვის უფლებით. მისი შეძენა ასევე "პსჟს" და ლონდონის "არსენალსაც" სურთ.
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვთნელად იურგენ კლოპის დასახელებას გამოეხმაურა.
"ვფიქრობ, ფლიკს ამ ჯილდოს მოსაგებად "ბაიერნთან" ერთად ახალი ტიტულების მოძებნა და მათი მოგება მოუწევს."
"როგორც ჩანს, 5 ტიტულის მოგება საკმარისი არ არის. მან გუნდთან ერთად ალბათ 7 ჩემპიონატი მაინც უნდა მოიგოს, რათა საუკეთესოდ დაასახელონ." - აცხადებს ჟოზე.
მოგეხსენებათ FIFPro-მ 17 დეკემბერს 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა.
სამწუხაროდ, ნახევარმცველებს შორის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა თომას მიულერი, რომელსაც მართლაც გასაოცარი სეზონი ჰქონდა.
თუმცა, ამაზე უფრო მეტად გასაკვირი გახლავთ ის ფაქტი, რომ ჩამონათვალში "ბაიერნის" ერთ-ერთმა ლიდერმა მხოლოდ და მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა.
მიულერი, გარდა ნაკრებში მოხვედრილი სამეულისა, ჩამორჩა ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ნგოლო კანტე, ფრენკი დე იონგი, ტონი კროოსი და სერხიო ბუსკეტსი, რომლებმაც გასულ წელს არცთუ გასაოცარი სეზონი ჰქონდათ.
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა "ლევერკუზენთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მე ძალიან ბევრი ვიშრომე ტრავმის შემდეგ და გახარებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამიფასდა."
"თუმცა, ყველა გაწბილებულები ვართ ჰანს ფლიკის გამო. ვფიქრობდი, რომ ის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდებოდა. როცა გუნდი ყველა ტიტულს იგებს, მწვრთნელი ამ ჯილდოს იმსახურებს."
"ვერაფერს გეტყვით ჩემს სიმბოლურ ნაკრებში არ ყოფნაზე. თუმცა, სასიამოვნოა, რომ ამდენი მიუნხენელი მოხვდა გუნდში,"
"ხვალ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, ბოლო მატჩებისგან განსხვავებით ამჯერად თავს კარგად დავიცავით." - აცხადებს ნოიერი.
FIFA-მ დაჯილდოების ცერემონიაზე სხვა გამარჯვებულებთან ერთად 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელიც გამოავლინა.
ბევრისთვის მოულოდნელად ხსენებული პრიზი არა ჰანს ფლიკს, არამედ "ლივერპულის" დამრიგებელ იურგენ კლოპს ერგო.
საინტერესოა, რომ ორივე კანდიდატმა ზუსტად თანაბარი რაოდენობის ქულა დააგროვა (24), თუმცა, უპირატესობა მაინც მერსისაიდელთა მწვრთნელს ერგო.
მიზეზი ერთია, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების ხმებს. ამ კომპონენტში კი უფრო მაღალი მაჩვენებელი სწორედ იურგენ კლოპს ჰქონდა.
FIFA-მ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. გამოკითხვაში სხვებთან ერთად ეროვნული ნაკრების კაპიტნებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ალბათ საინტერესოა, ვის მისცეს ხმა მსოფლიოს წამყვანმა მოთამაშეებმა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის არჩევანს:
მანუელ ნოიერი: 1. რობერტ ლევანდოვსკი 2. კევინ დე ბრუინი 3. ტიაგო ალკანტარა
ლეო მესი: 1. ნეიმარი 2. კილიან მბაპე 3. რობერტ ლევანდოვსკი
კრისტიანო რონალდუ: 1. რობერტ ლევანდოვსკი 2. ლეო მესი 3. კილიან მბაპე
რობერტ ლევანდოვსკი: 1. ტიაგო ალკანტარა 2. ნეიმარი 3. კევინ დე ბრუინი
ედენ აზარი: 1. რობერტ ლევანდოვსკი 2. სერხიო რამოსი 3. კევინ დე ბრუინი
მოგეხსენებათ, დღეს FIFA-მ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესოები დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა მწვრთნელებმა, ნაკრებების კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.
ალბათ საინტერესოა, თუ ვის მისცეს ხმები საქართველოს წარმომადგენლებმა. გთავაზობთ მათ არჩევანს.
ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი, საუკეთესო მწვრთნელად კი ჰანს ფლიკი დაასახელა. მის მსგავსად მოიქცა ზურაბ ხიზანიშვილიც, რომელიც საქართველოდან მწვრთნელის სახით იყო წარმოდგენილი.
კაპიტნის მეორე და მესამე არჩევანი ფეხბურთელებს შორის შესაბამისად მესი და რონალდუ გახლდათ. მწვრთნელებში იურგენ კლოპი და იულიენ ლოპეტეგი. რაც შეეხება ხიზანიშვილის, მან რონალდუ და რამოსი გაიყვანა სამეულში, მწვრთნელებში კი იურგენ კლოპი და ზინედინ ზიდანი.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენელს, ზურაბ ფოცხვერიას, მან პირველ ადგილზე მწვრთნელებს შორის ჰანს ფლიკი გაიყვანა, მეორე და მესამეზე იურგენ კლოპი და მარსელო ბიელსა. ფეხბურთელებს შორის კი პირველი კრისტიანო რონალდო. რობერტ ლევანდოვსკი მის არჩევანში მესამე ადგილზე გავიდა, დე ბრუინის შემდეგ.
FIFA-ს მიერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. დიდებული დღეა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი თანაგუნდელებისთვისაც. ეს დიდებული შეგრძნებაა."
"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება რონალდუსა და მესის ეპოქაში, ეს რაღაც განსაკუთრებულია."
"წელს ყველა შესაძლო ტიტული მოვიგეთ, მთავარი მიღწევა კი რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ამ ყველაფერმა მასწავლა, რომ ყოველთვის გავყვე ოცნებებს და ერთხელაც აუცილებლად ამისრულდება."