bayern.ge სიახლეები გვერდი 111
ჯონათან ტა - ბაიერნის დაცვის ხაზის გაძლიერების მთავარი სამიზნე
ჯონათან ტა ბაიერნის ნომერ პირველი სამიზნეა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ამ ზაფხულს.

ებერლს, ფროიდს და კომპანის სურთ მისი დამატება. ტასთან და მის წარმომადგენელთან უკვე მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები.

გერმანელ ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ჩაბი ალონსოს სურს, რომ ტა რეალ მადრიდში გადაიყვანოს.

არსებობს ასევე შეთანხმება ტასა და ბარსელონას შორის, თუმცა ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემების გამო ეს ტრანსფერი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
"შენ მამასავით იყავი ჩვენთვის" - რიბერისა და რობენის ემოციური წერილი იუპ ჰაინკესს

არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მილოცვა იუპ ჰაინკესს 80 წლის იუბილეზე:


"ძვირფასო იუპ,

როცა შენთან გატარებულ დროს ვიხსენებთ, მაშინვე გონებაში განსაკუთრებული მოგონებები მოგვდის. შენ მხოლოდ მწვრთნელი არ იყავი — შენ მამასავით გვყავდი. შენ შექმენი გუნდი, რომელიც არა მხოლოდ მინდორზე იყო ძლიერი, არამედ მტკიცე ერთობა გახლდათ მის გარეთაც. შენს მენეჯმენტს რაღაც უნიკალური ჰქონდა: ყოველთვის პოზიტიური, ენერგიით სავსე და ყოველთვის სწორი ინტუიციით, რაც გუნდს კონკრეტულ მომენტში სჭირდებოდა.


2013 წელი იყო ის წელი, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ. ერთად რაღაც ისტორიული მოვახერხეთ - კლუბის ისტორიაში პირველი ტრებლი და, რა თქმა უნდა, მაშინვე ერთი თამაში, ერთი მომენტი გვახსენდება: უემბლი, 25 მაისი, 89-ე წუთი. ფრანკმა ქუსლით გააგორა ბურთი, არიენმა ბადეში გაგზავნა - 2:1 ბაიერნის სასარგებლოდ! ეს იყო შეუფასებელი გრძნობა. მაგრამ ეს გოლი და ეს ფინალი მხოლოდ ერთ მომენტს არ ნიშნავდა. ის იყო იმ სეზონის ლოგიკური შედეგი, სადაც ყველაფერი იდეალურად დაიწყო: გუნდური სული, ვნება, თამაშისადმი სიყვარული და უპირველესად, მწვრთნელი, რომელიც იდეალურად გვამზადებდა სრულყოფილი მატჩებისთვის. შენ ჩვენ ნამდვილ გუნდად გვაქციე, რომელიც ერთმანეთს მხარში ედგა. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი.


მაგრამ ეს ერთადერთი დრო არ იყო, როცა გვაჩვენე, რას შევძლებდით. 2017 წელს, როცა დაბრუნდი, ბევრი ფიქრობდა: გამოუვა? მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ შენ ის ადამიანი იყავი, ვინც გვჭირდებოდა. მაშინ ბაიერნი მეორე ადგილზე იყო, დორტმუნდს ხუთი ქულით ჩამორჩებოდა — კლუბისთვის უჩვეულო მდგომარეობა. მაგრამ შენს დაბრუნებასთან ერთად მალევე მივხვდით: ჩვენ დავბრუნდებით. შენ მოგვიტანე სტაბილურობა და ნათლად დაგვანახე, რა უნდა გაგვეკეთებინა. ბოლოს ჩემპიონატი დამაჯერებლად მოვიგეთ - 29-ე ტურში. თითქოს ერთი ღილაკის დაჭერით ყველაფერი შეცვალე.


რაც არასდროს დაგვავიწყდება: შენ ყოველთვის გესმოდა ჩვენი — არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ცხოვრების შესახებაც. შენთან შეგვეძლო გულწრფელად საუბარი, გულგახსნილობა და უარყოფითი ემოციების გაზიარებაც კი. და მეორე დღეს ერთად ვუბრუნდებოდით საქმეს. შენი ადამიანურობა იყო ის, რაც გამოგარჩევდა და სწორედ ამან გაგვზარდა არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელები, არამედ როგორც პიროვნებები.


შენმა ნდობამ გაგვაძლიერა. შენ გვაძლევდი თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად მყარ პრინციპებს იცავდი. დისციპლინა, პატივისცემა, ერთიანობა — შენთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო, არამედ რეალური ღირებულებები. ყველა ფეხბურთელმა იცოდა, სად იდგა შენთან. სწორედ ამიტომ გვქონდა შენი სრული მხარდაჭერა — ყოველთვის.


როცა დღეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუყურებთ, ხშირად გვაფიქრებს: რამდენს ისწავლიდნენ ისეთი მწვრთნელისგან, როგორიც შენ ხარ? ალბათ ძალიან ბევრს. არა მხოლოდ თამაშის მოგებას, არამედ იმასაც — როგორ უნდა უხელმძღვანელო გუნდს, როგორ უნდა დაუკავშირდე ადამიანებს. შენ არასდროს იყავი ხმამაღალი, მაგრამ ყოველთვის გასაგები. არასდროს დომინანტი, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს, ალბათ, საუკეთესო კომპლიმენტია, რაც შეიძლება მწვრთნელს მისცე.


მადლიერები ვართ, რომ გზად შეგხვდით. ის გამოცდილება, რაც ერთად გვქონდა, სამუდამოდ დაგვამახსოვრდება. და ზოგჯერ, როცა იმ დროზე ვფიქრობთ, თითქოს უემბლის მინდვრის სუნიც კი შეგვიძლია ვიგრძნოთ — თამაშის დაწყებამდე, მოლოდინით სავსე. ეს სამუდამოდ დარჩება ჩვენში.


იუპ, შენ ის მწვრთნელი ხარ, ვინც წარმატება შესაძლებელი გახადა, მაგრამ უპირველესად — ადამიანი, რომელმაც ჩვენზე გავლენა მოახდინა. იმდენი რამ გავიარეთ ერთად — როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. ამიტომ გილოცავთ 80 წლის იუბილეს — გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უამრავ ბედნიერ წუთს ოჯახთან ერთად."


ფრანკ რიბერი & არუენ რობენი

სანეს მიუნხენიდან გასავლელი გზა იხაზება - ლონდონი მიზანშია
ნიუკასლ იუნაიტედმა ინტერესი გამოხატა ლეროი სანეს მიმართ.

თუ ის დატოვებს ბაიერნს, სანეს პრიორიტეტი ინგლისში გადასვლა იქნება - სასურველია ლონდონში, თუმცა ნიუკასლიც ალტერნატივად განიხილება.

პინი ზაჰავი პრემიერ ლიგაში სხვადასხვა ვარიანტს იკვლევს. სანეს სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.
უპამეკანო მოედანზე ვარჯიშს დაუბრუნდა - ფრანგი მცველის მზადება

დაიო უპამეკანო დღეს მოედანზე დაბრუნდა. 22 აპრილს ფრანგმა მცველმა მოულოდნელად შეასრულა ინტენსიური სესიები აღდგენითი მწვრთნელის, სიმონ მარტინელოს ხელმძღვანელობით – ბურთთან ერთადაც კი ივარჯიშა. თუმცა, მას შემდეგ პროგრესი აღარ გაგრძელებულა.


ახლა უპამეკანო კვლავ მოედანზეა, თუმცა მხოლოდ მსუბუქად ვარჯიშობს.


კლუბის მიზანია, რომ ის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულად მზად იყოს.

ბაიერნი დაცვის გაძლიერებაზე ფოკუსირდება - პრიორიტეტული სამიზნე ვირცის შემდეგ

ბაიერნის მეორე პრიორიტეტი ზაფხულში, ფლორიან ვირცის შემდეგ, დაცვითი ხაზის გაძლიერებაა.


კლუბმა კვლავ გამოავლინა ინტერესი ჯონათან ტას მიმართ, რომელიც განიხილება როგორც პოტენციური ლიდერი დაცვაში.


იმავდროულად, კო იტაკურა უფრო სათადარიგოს ვარიანტად მოიაზრება. მაქს ებერლს და მის მთავარ სკაუტ ნილს შმატკეს კარგი ურთიერთობა აქვთ გლადბახთან.

ბაიერნში ახალი ვარსკვლავები იზრდებიან - ვინ მიიღებს შანსს პირველ გუნდში?
ბაიერნის ხელმძღვანელობის დიდი სურვილია, რომ მომავალ სეზონში კლუბის აკადემიის მეტი ტალანტი ინტეგრირდეს ძირითად გუნდში და მიიღოს შანსი თავის წარმოსაჩენად.

ისინი მიიჩნევენ, რომ აკადემიაში უკვე არსებობს საკმარისი ტოპ-ტალანტები, მაგალითად, ლენარტ კარლი და კასიანო კიალა, რომლებმაც გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად უნდა მიიღონ შესაძლებლობა.

ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს აკადემიის განწყობასა და მოტივაციას, არამედ კლუბს დაეხმარება ხელფასების ბიუჯეტის შემცირებაში.
ვირცს ბაიერნში თამაში სურს - ლევერკუზენი ძალიან დიდ ფულს ითხოვს
ფლორიან ვირცს სურს მიუნხენის ბაიერნში გადასვლა, მაგრამ ლევერკუზენი მზად არ არის, მას 150 მილიონ ევროზე ნაკლებად შეელიოს ამ ზაფხულს.

150 მილიონი ევროს ზუსტი სტრუქტურა (ფიქსირებული თანხა + ბონუსები შესრულებიდან გამომდინარე) ჯერ კიდევ შეთანხმების საგანია. ლევერკუზენში სულ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ვირცი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

ფეხბურთელს სურს მიუნხენში გადასვლა, თუმცა მანჩესტერ სიტის იმედები ჯერ არ დაუკარგავს.
ბაიერნის ულტიმატუმი ლეროი სანეს - ახლა ყველაფერი გერმანელზეა
ბაიერნის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო შიდა გადაწყვეტილება ლეროი სანესთან დაკავშირებით

ან ის ხელს მოაწერს მასთან წარმოდგენილ არსებულ პირობებზე, ან ზაფხულში კლუბს დატოვებს.

უკეთესი შეთავაზება აღარ იქნება.
BILD: “ვირცმა ჩაბი ალონსოს აცნობა, რომ მხოლოდ ბაიერნში უნდა გადასვლა.”
ფლორიან ვირცმა ჩაბი ალონსოს აცნობა, რომ არ სურს გადასვლა არც მადრიდის რეალში და არც მანჩესტერ სიტიში. მისი ერთადერთი სურვილია მიუნხენის ბაიერნში გადაბარგება.

ლევერკუზენის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების შესახებ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია.

არც წარმომადგენლებს და არც ბაიერნს არ სურდათ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება, როდესაც მათ BILD - დაუკავშირდა.
სანეს დილემა: დარჩენა ბაიერნში თუ ლონდონის გრანდებთან ახალი თავი?
ლეროი სანე უკმაყოფილო იყო იმ პირობებით, რაც მისმა ძველმა აგენტებმა ბაიერნთან შეთანხმეს. პინი ზაჰავი მას დაჰპირდა, რომ უკეთეს კონტრაქტს მოუტანდა, სწორედ ამიტომ მოხდა აგენტის შეცვლა.

სანეს ჯერ კიდევ სურს ბაიერნში დარჩენა, თუმცა ის არ აპირებს ძველ შეთანხმებაზე ხელმოწერას. ამიტომ, მისი წასვლა ახლა შესაძლებელი გახდა. თუ ის მართლაც წავა, სანეს უპირატესობა პრემიერ ლიგაა, განსაკუთრებით — ლონდონი.

არსენალი და ჩელსი რეალური ვარიანტებია. რაც შეეხება საუდის არაბეთს — ამ ეტაპზე ეს არ არის რეალური ვარიანტი.
“ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი წლევანდელ სეზონში” - დრეზენი ჩემპიონობაზე
დრეზენი: „პირადად მე კმაყოფილი ვარ სეზონით. წარსულშიც ხშირად ამბობდნენ, რომ ჩემპიონატი ყველაზე სამართლიანი ტიტულია — ეს არის ტიტული, რომლისთვისაც მთელი სეზონის განმავლობაში უნდა იბრძოლო.

ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი წლევანდელ სეზონში, თუმცა, რა თქმა უნდა, სიმართლეა ისიც, რომ გვინდოდა ბერლინში პოკალის ფინალში გასვლაც და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საკუთარ სტადიონზე ჩატარებაც.

მიუხედავად ამისა, შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ — ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ლიგა და მიმზიდველ ფეხბურთს ვთამაშობდით.”
"უწყვეტი შრომა და გუნდურობაა წარმატების საფუძველი" - კომპანი ჩემპიონობაზე

ვენსან კომპანი ბაიერნის ჩემპიონობაზე:


„ახლა გვაქვს დრო, რომ ბუნდესლიგის მოგებით დავტკბეთ – რა უჩვეულო შეგრძნებაა! ვულოცავ ფეხბურთელებს სეზონის განმავლობაში გამორჩეული თამაშისთვის: თქვენ ეს ერთად გააკეთეთ. ეს იყო გუნდური გამარჯვება.


დიდი მადლობა ასევე ყველას, ვინც კულისებში ამ დიდ კლუბზე მუშაობს. თქვენი შრომა მნიშვნელოვანია და შედეგიც გამოიღო. წინ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. სეზონი ჯერ არ დასრულებულა და ბევრი საინტერესო რამ გველის. მოდით, ყველაფერი ერთად დავასრულოთ ღირსეულად.


და ბოლოს, უდიდესი მადლობა ბაიერნის ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს გარშემო მხარდაჭერისთვის. საოცრებები იყავით.“

კომპანიმ „მინი არდადეგები“ გააუქმა - გლადბახთან მატჩისთვის მზადება
ვინსენტ კომპანიმ თავისი მოთამაშეები კვირა, ორშაბათი და სამშაბათი დაასვენა.

თუმცა, მას შემდეგ რაც იბიცაზე გამგზავრება გაუქმდა, კომპანიმ ასევე გააუქმა ეს „მინი არდადეგები“.

გლადბახთან მატჩისთვის მზადება დაიწყება ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში.

სამშაბათს დაგეგმილია ღია სავარჯიშო სესია. ოთხშაბათი იქნება დასვენების დღე, ხოლო ვარჯიშები განახლდება ხუთშაბათიდან.

ბაიერნი და სანე ხელშეკრულების დასრულების ეტაპზე - ცნობილია დეტალები
ბაიერნის პირველი შეთავაზება ლეროი სანესთვის შეადგენდა 8 მილიონ ევროს ფიქსირებული ანაზღაურებით პლუს ბონუსები წელიწადში.

თუმცა შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ, ორივე მხარემ მიაღწია შეთანხმებას 10 მილიონ ევროიან ფიქსირებულ ხელფასზე და 5 მილიონ ევროს ბონუსებზე.

შეთანხმება ახლა უკვე დასრულების ეტაპზეა.
კომპანის ბავშვობის მეგობარი დღესაც მის გვერდითაა - როდისი ბაიერნის შტაბში
პიერ კომპანი (ვენსანის მამა): „როდისი ჩვენი მეზობელი იყო. მაშინ ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში და ბავშვებთან ერთად თამაშობდა. ძალიან კარგი ბიჭია.


ჩვენი ოჯახები ათწლეულებია ერთმანეთს იცნობენ. ის ვენსანისთვის ყოველთვის ძმასავით იყო. როცა ვენსანი 2006 წელს ჰამბურგში გადავიდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ როდისი თან გაჰყვა.


უკვე მაშინ მის გვერდით იყო და ეხმარებოდა. დღესაც მის გვერდითაა - ერთგვარი მცველივითაა, როცა ბევრი ხალხი ეხვევა.“

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2